საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია
ზოგადი ინფორმაცია
დამტკიცებულია საქართველოს
მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის
დამფუძნებელი კრების მიერ
1994 წლის "4" მარტს (ოქმი 1)
დებულება საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში არჩევნების ჩატარების შესახებ
1. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში არსებობს ნამდვილი, უცხოელი და საპატიო წევრის სტატუსი.
2.ნამდვილ წევრად შეიძლება არჩეული იქნას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც შექმნილი აქვს საერთაშორისო აღიარების მქონე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის ახალი სამეცნიერო მიმართულება,ნაყოფიერ მუშაობას ეწევა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრაქტიკული მედიცინის განვითარების საქმეში.
3.აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეული იქნას გამოჩენილი საზღვარგარეთელი მეცნიერი.
4.აკადემიის საპატიო წევრად შესაძლებელია არჩეული იქნას ამავე აკადემიის მოხუცი ასაკის ნამდვილი წევრი.
5.აკადემიის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50–ს.
6.არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს პრეზდიუმი, არჩევნების შესახებ შეტყობინება ქვეყნდება პრესაში არჩევნებამდე 3 თვით ადრე.
7.აკადემიის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ იურიდიული უფლების მქონე სამეცნიერო–კვლევითი კოლექტივები, უმაღლესი სასწავლებლები, სამედიცინო საზოგადოებები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის წარსადგენი კანდიდატი. წარდგენას მხარი უნდა დაუჭიროს დამსწრეთა უმრავლესობამ. კენჭისყრის ფორმას განსაზღვრავს წარმდგენი დაწესებულება. ასეთივე უფლებით სარგებლობენ აკადემიის ნამდვილი წევრები.
8.აკადემიაში ახალ წევრთა მიღებასთან დაკავშირებით შემოსული მასალები გადაეცემა შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელებს.
9.აკადემიის შესაბამისი განყოფილება პერსონალურად განიხილავს რა თითოეული კანდიდატის მონაცემებს, ღია ან ფარული კენჭისყრით, ხმის უმრავლესობით წარადგენს ცალკეულ კანდიდატებს აკადემიის საერთო კრებაზე ნამდვილ წევრად ასარჩევად. ნამდვილ წევრად არჩევისათვის რეკომენდაციის მიცემისას კენჭისყრაში მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები.
10. აკადემიის ნამდვილ, უცხოელ და საპატიო წევრთა არჩევნები ტარდება აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით. საერთო კრება უფლებამოსილია ჩაატაროს არჩევნები აკადემიის ნამდვილ წევრთა შემადგენლობის 2/3–ის დასწრების შემთხვევაში. ამასთან, აკადემიის საერთო კრების შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილი იქნან ის ნამდვილი წევრები, რომლებიც არჩევნების დროს იმყოფებიან საზღვარგარეთ მივლინებით. საერთო კრების შემადგენლობაში ასევე არ შეიძლება შეყვანილი იქნან ის ნამდვილი წევრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს სხდომებსა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
11. აკადემიის პრეზიდენტი აცნობს აკადემიის საერთო კრებას აკადემიის ნამდვილ წევრად წამოყენებულ პირთა სიას, დასკვნებს მათ სამეცნიერო შრომებზე, განყოფილების რეკომენდაციებს და სხვა სათანადო მასალებს.
12. საერთო კრებაზე ნამდვილი, უცხოელი და საპატიო წევრის არჩევნებში მონაწილეობისა და გადამწყვეტი ხმის უფლება აქვთ მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს. აკადემიის ნამდვილ წევრად არჩეულად ითვლება პირი რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმეტეს რაოდენობას.
13.აკადემიის საერთო კრებაზე ნამდვილი წევრის არჩევისას ფარული კენჭისყრისთვის რიგდება ბიულეტინები–არჩევნებში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარის აღნიშვნით. ბიულეტინებში კანდიდატების გვარების გასწვრივ აღინიშება ორი სიტყვა: "თანახმა ვარ" და "არ ვარ თანახმა" რომელთაგან ამომრჩეველმა ერთი უნდა გადახაზოს. სხვა აღნიშვნები ან აღნიშვნის გარეშე ბიულეტინი ჩაითვლება ბათილად.
14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ მიიღეს ასარჩევად აუცილებელი ხმათა რაოდენობა, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არა ნაკლებ ნახევრისა ან ერთ ადგილზე ორმა და მეტმა კანდიდატმა მიიღო ხმების თანაბარი რაოდენობა, ასეთ შემთხევაშ ინიშნება განმეორებითი ტური.
15. ხმების დათვლას აწარმოებს ხმის დამთვლელი კომისია. ხმის დამთვლელი კომისიის წევრები აირჩევიან ნამდვილ წევრთაგან ღია კენჭისყრით.
16.ხმის დამთველი კომისიის ოქმს ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება. საერთო კრებისა და ხმის დამთვლელი კომისიის ოქმები ფარული კენჭისყრის ბიულეტინებთან ერთად ინახება პრეზდიუმში.
17.არჩევნების შედეგები ქვეყნდება პრესაში.
18.აკადემიის საპატიო და საზღვარგარეთელი წევრობის კანდიდატურა წარმოდგენილი უნდა იყოს აკადემიის ნამდვილი წევრის მიერ; საპატიო და საზღვარგარეთელი წევრის არჩევნები ტარდება აკადემიის საერთო კრებაზე. ქვორუმი და კენჭისყრის წესი ისეთივე რჩება, როგორც ნამდვილი წევრის არჩევისას.
19. მეცნიერები, რომლებიც არჩეული არიან წინამდებარე დებულებით, სარგებლობენ აკადემიის წევრებისათვის დადგენილი უფლებებით დღიდან მათი არჩევისა აკადემიის საერთო კრების მიერ და ღებულობენ დადგენილი ნიმუშის მოწმობას.
20. აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე–პრეზიდენტის და განყოფილებების ხელმძღვანელების არჩევა ხდება 5 წელიწადში ერთხელ საერთო კრების მიერ. მათი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია თითოეულ აკადემიკოსს ან აკადემიკოსთა ჯგუფს. ალტერნატიული წინადადებების შემთხვევაში კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ითვლება ის ვინც მოაგროვებს ხმების რაოდენობის უმრავლესობას მაგრამ არანაკლებ დამსწრეთა ხმების ნახევრისა. თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა პირველ ტურში, მაშინ კენჭისყრა ტარდება მომდევნო ტურში.ამ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი კანდიდატი რომელთაც შეაგროვეს ხმების უმეტესი რაოდენობა.
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წესდება
რეგისტრირებულია:
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის
მიერ 1994 წლის "7" აპრილს 2/22 დადგენილებით.
მიღებულია:
საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის
დამფუძნებელი კრების მიერ 1994 წლის 4 მარტს (ოქმი 1)
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია (შემდგომში აკადემია) არის იურიდიული უფლებების მქონე,დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული, საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და ამ წესდების საფუძველზე მoქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
2. აკადემიას აქვს თავისი სიმბოლიკა, ბეჭედი და ანგარიში ბანკში. მათ შორის სავალუტო საქმიანობისათვის. აკადემიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
3. აკადემიაში გაერთიანებული არიან აკადემიის ნამდვილი,საპატიო და საზღვარგარეთული წევრები.რომლებიც სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და რომელთა არჩევის წესს ამტკიცებს აკადებიის დამფუძნებელი კრება.აკადემიის ნამდვილ წევრთა რაოდენობა უცვლელია არ უნდა აღემატებოდეს 50-ს და ახალი წევრების არჩევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.
4. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილს წევრად შეიძლება არჩეული იქნას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც შექმნილი აქვს საერთაშორისო აღიარების მქონე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის ახალი სამეცნიერო მიმართულება, ნაყოფიერ შრომას მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრაქტიკული მედიცინის განვითარების საქმეში. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნას გამოჩენილი საზღვარგარეთელი მეცნიერი. აკადემიის საპატიო წევრად შესაძლებელია არჩეული იქნას ამავე აკადემიის მოხუცი ასაკის ნამდვილი წევრი.
II. მიზანი და ამოცანები
1. აკადემიის მოღვაწეობის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შექმნა.
2. აკადემიის მოღვაწეობის უმთავრესი ამოცანაა ყველა იმ მეთოდისა და საშუალების შემუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განვითარებას. მათ შორის -განსაზღვროს სამედიცინო მეცნიერების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები,შეიმუშავოს სამეცნიერო პროგრამები,უზრუნველყოს მათი სრულყოფილი განხორციელება და მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია. -განახორციელოს საკონსულტაციო–საექსპერტო სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოებისათვის სამედიცინო პროფილის გადაწყვეტილებების მიღების დროს. -განსაზღვროს სამედიცინო პროფილის კადრების მომზადებისდა პროფესიული დონის ამაღლების უწყვეტი სისტემის ძირითადი მიმართულებები. -_უზრუნველყოს საქართველოში სამედიცინო მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შექმნა _ ხელი შეუწყოს სამედიცინო ბიზნესის განვითარებას და სამედიცინო მეცნიერების ფონდის შექმნას,სამეცნიერო–საგამომცემლო საქმის განვითარებას, საინფორმაციო სამსახურის ორგანიზაციას და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას. _ უზრუნველყოს სამედიცინო მეცნიერების მიღწევების პროპაგანდა და მათი პრაქტიკაში დანერგვა. სამეცნიერო კონგრესების, სიმპოზიუმების და სხვა ანალოგიური ღონისძიებების ჩატარება. სამეცნიერო პრემიების დაწესება. _ უძრუნველყოს დარგში მოღვაწე მეცნიერთა, ექიმთა და სხვა მუშაკთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი პროფესიული და სოციალური უფლებების დაცვა. _ დააფუძნოს ან თავის სისტემაში გააერთიანოს სამეცნიერო საწარმოო, სასწავლო, კომერციული თუ სხვა სახის დაწესებულებანი და ორგანიზაციები, რომელთა მუშაობა ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განვითარებას. _ ხელი შეუწყოს საზღვარგარეთის სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების,ინფორმაციის გაცვლის, სპეციალისტთა გაცვლის და სხვა ფორმების სახით.
III. აკადემიის სტრუქტურა და მისი მართვა
1. აკადემიის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება აკადემიის ნამდვილი წევრთა 2/3. კრებაზე ყველა საკითხი წყდება ღია ან ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
2. აკადემიისსაერთოკრება: _ განიხილავს და ამტკიცებს აკადემიის პრეზიდიუმის ანგარიშს და პროგრამას მომავალი მუშაობისათვის; _ განიხილავს და ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს; _ ირჩევს აკადემიის ახალ წევრებs,მათ შორის ნამდვილ,საპატიო და უცხოელ წევრებს. _ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს,ვიცე–პრეზიდენტს და განყოფილებების ხელმძღვანელებს, რომლებიც ქმნიან აკადემიის პრეზიდიუმს. _ შეაქვს ცვლილებები აკადემიის წესდებაში.
3. აკადემიის მართვის ორგანოს წარმოადგენს პრეზიდიუმი. პრეზიდიუმი წყვეტს ყველა იმ საკითხს, რომლებიც აკადემიის საერთო კრების კომპეტენციაში არ შედის. პრეზიდიუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა 2/3. პრეზიდიუმზე ყველა საკითხი წყდება ღია ან ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. პრეზიდენტი აკადემიის საქმიანობის კოორდინატორია. იგი წარმართავს აკადემიის და პრეზდიუმის საქმიანობას, წარმოადგენს მას სხვა იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, აწერს ხელს დოკუმენტებს, ,დებს ხელშეკრულებებს და სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ორგანიზაციების ხელმძღვანელთათვის.სხვადასხვა მიზეზით სამუშაო ადგილზე არყოფნისასპრეზიდენტს ცვლის ვიცე–პრეზიდენტი, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს აკადემიას საზოგადოებასთან და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს.
5. აკადემიის წევრების არჩევა ხდება აკადემიის დამფუძნებელი ან საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით. აკადემიის წევრს აქვს უფლება აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე განსახილველად დააყენოს აკადემიის მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მოითხოვოს მასზე სათანადო რეაგირება. აკადემიის წევრები საერთო კრებაზე წარადგენენ ჩატარებული მუშაობის ანგარიშს..აკადემიის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით აკადემიის ნამდვილ წევრებს და სხვა თანამშრომლებს შესაძლო ჩატარებული სამუშაო აუნაზღაურდეთ, აკადემიის საპატიო და საზღვარგარეთელი წევრები სარგებლობენ ნამდვილი წევრობის უფლებით.
IV. აკადემიის ფინანსური საქმიანობის საფუძვლები
1. აკადემიის ფინანსები იქმნება დამფუძნებლების შემონატანებისაგან. აკადემიის სამეცნიერო–საწარმოო სასწავლო კომერციული საქმიანობისაგან ან ქველმოქმედების შედეგად გადმოცემული თანხებისაგან და სხვა კანონმდებლობით ნებადართული საშუალებებისაგან.აკადემიას შესაძლოა ჰქონდეს კანონმდებლობით ნებადართული უძრავ–მოძრავი ქონება რომელიც ესაჭიროება მას თავისი მიზნების განსახორციელებლად.
V. აკადემიის გაუქმება
1. აკადემიის გაუქმება ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით. საერთო წევრთა ხმების 3/4–ის უპირატესობით. ლიკვიდაცია და ქონების განაწილება ხდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.