top of page

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1994 წელს.ეს იყო ალტერნატულ საფუძველზე შექმნილი პირველი სამეცნიერო აკადემია ყოფილ საბჭოთა კავშირში .აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამედიცინო სამსახურის მუშაობას. აკადემიის უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა, მათ შორის სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, სამეცნიერო კადრების აღზრდა, სამედიცინო მეცნიერების მიღწევების დანერგვა, სამედიცინო სამსახურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და სხვა. ასევე აკადემიის ფუნქციას წარმოადგენს საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოების წარმოება სამთავრობო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის. აკადემია წარმოადგენს თვითმმართველ, თვითდაფინანსებად, არაკომერციულ და არასამთვრობო ორგანიზაციას,რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და საარჩევნო დებულება. აკადემია დააფუძნა საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობებში მოღვაწე საზოგადოების მიერ აღიარებულმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის და პროფესორის წოდების მქონე 29 ექიმმა. მათ შორის იყვნენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები როგორც ფუნდამენტური ისე კლინიკური მედიცინის სფეროდან. სახელდობრ აკადემიის დამფუძნებელთა შორის იყო იმუნოლოგი, მორფოლოგი, ფიზიოლოგი, პათოლოგი, თერაპევტი, ქირურგი, პედიატრი, კრიტიკული მედიცინის და სხვა სპეციალობების ექიმი. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის შემადგენლობაში მყოფი საექიმო სპეციალობის მქონე ყველა აკადემიკოსი. აკადემიის დამფუძნებელი კრების მუშაობას წარმართავდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის შექმნა დალოცა საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. დღემდე საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო სხვადასხვა პროფესიის 82 ექიმი. მათგან გარდაცვლილია 54, ხოლო dღესაც აგრძელებს მოღვაწეობას 28 წევრი. აკადემიის ყოველდღიური საქმიანობა წარიმართება საკუთარი წესდების, ხოლო ახალ წევრთა არჩევა წარმოებს ასევე მის მიერ დამტკიცებული საარჩევნო დებულების მიხედვით. აკადემიის ეგიდით ინგლისურ ენაზე გამოდის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო აღიარების მქონე ჟურნალი „Critical Care & Catastrophe Medicine“და ასევე აკადემიის ეგიდით ქართულ ენაზე გამოდის რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი “საქართველოს ქირურგიის მაცნე”. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია ყოველწლიურად ატარებს თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმს: „ახალი ნაბიჯები კრიტიკულ მედიცინაში", ასევე აკადემია ყოველწლიურად ატარებს საგაზაფხულო და საშემოდგომოსესიებს და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს. აკადემიაში არსებობდა ფუნდამენტური მედიცინის, თერაპიის, ქირურგიის და სამედიცინო ეკოლოგიის განყოფილებები. ამჟამად არსებობს თეორიული და კლინიკური მედიცინის განყოფილებები. აკადემიის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს აკადემიური საბჭო (პრეზიდუმი) რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სწავლული მდივანი და განყოფილებების ხელძღვანელები. აკადემიის დებულებით საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი შესაძლოა გახდეს საქართველოს სამედიცინო სამსახურში მოღვაწე მედიცინის დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორი. რომელმაც შექმნა საერთაშორისოდ აღიარებული ახალი სამეცნიერო მიმართულება მედიცინაში. აკადემიის წევრის არჩევა ხდება აკადემიის საერთო კრების მიერ საარჩევნო დებულების შესაბამისად. ამასთან საქართველოს მედიცინის მევნიერებათა აკადემიის შემადგენლობა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 წევრს. აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო პროფესორი ზაალ კახიანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი გივი დუმბაძე, ხოლო მის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ვლადიმერ ბახუტაშვილი და პროფესორი გურამ ტატიშვილი, რომელიც მანამდე ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი იყო ამჟამად აკადემიის პრეზიდენტია პროფესორი რამაზ ხეცურიანი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტია პროფესორი ზურაბ ხელაძე- საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი. რომელიც მანამდე აკადემიის პირველი სწავლული მდივანი იყო.თეორიული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი დაარსებიდან დღემდე პროფესორი ნოდარ გოგებაშვილი, ხოლო თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ პროფესორი ირაკლი ჭუმბურიძე და პროფესორი ილია ზედგენიძე. ასევე ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფესორი რევაზ ვეფხვაძე,სამედიცინო ეკოლოგიის განყოფილებას კი პროფესორი კიაზო ნადარეიშვილი.კლინიკური მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფესორი რევაზ გაგუა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია 2013 წელს იტალიის დედაქალაქ, რომში, მიღებული იქნა მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად, ხოლო 2016 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჰერმენიუსში ამ ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ არჩეული იქნა სრულუფლებიან წევრად.

bottom of page